მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ოფციური/დამატებითი გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანისგან?

გაზი

2024 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან ოფციური და დამატებითი გაზის კონტრაქტებით 1 მილიარდ 465 მლნ მ³ მოცულობის გაზი მიიღო.

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი (ოფციური და დამატებითი გაზის გარეშე) 775 მლნ მ³-მდე შემცირდა (წლიურად კლება 28%). ბოლო წლების ტენდენცია შარშანაც გაგრძელდა, საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი 788 მლნ მ³-მდე გაზარდა, 2023 წელთან შედარებით რუსული გაზის იმპორტი 32%-ით არის გაზრდილი.

2024 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 3 მილიარდ 011 მლნ მ³ იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება. ჯამში იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის 99.5%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით.

ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანი რჩება, თუმცა მისი წილი მცირდება. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით 2024 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 74% მიიღო.

ამას გარდა, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელიც 2024 წელს 3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს. "2024 წელს 2023 წლის მსგავსად შეინიშნება რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარების მაღალ ნიშნულზე ყოფნით. ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო ხდებოდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა", - წერია სემეკის ანგარიშში.

რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდის პარალელურად მცირდება აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსული გაზი. აზერბაიჯანული გაზის წილი, რომელიც გასულ წლებში 80%-ს აჭარბებდა, შარშან 74%-მდე შემცირდა, რუსეთის კი 25%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის 2023 წელს რუსეთის წილი 19%, ხოლო აზერბაიჯანის 80.4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები