მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორის ვიზიტი დაკავშირებულია გასულ კვირაში მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ვიზიტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სარკინიგზო სექტორში მეტი კოორდინაციის აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო სამგზავრო სარკინიგზო კავშირის აღდგენის საკითხს. საქმე ისაა, რომ 2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მაისიდან თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი დაინიშნებოდა, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს მადლობაც გადაუხადა. თუმცა აღნიშნული არ მომხდარა, რადგანაც აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნის თარიღი კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

"ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი და მოხდება თუ არა 1 ოქტომბრიდან სამგზავრო მიმოსვლის დაწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები