ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს, მატიუშ ბუსოვსკის, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ეკონომიკური კომისიის შექმნაზე.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა. აღინიშნა სლოვაკეთის ბიზნეს წრეების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტირების მიმართ.
ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ფრენების სიხშირისა და მიმართულებების ზრდა გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებს, გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.




























