"ოცნების" ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოა. მან ამის შესახებ "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ბევრი ისაუბრეს საქართველოს განვლილ გზაზე, რადგან ბევრი კითხვა არსებობდა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ასეთი წარმატების მიღწევა.
"უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ხელისუფლებამ შექმნა ეს არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ეს არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დაშენდა მთელი სტრატეგია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ეფუძნება. მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკის დივერსიფიცირებული მიდგომით განვითარება. სახელმწიფო გვერდში ედგა, უდგას და ასე გააგრძელებს თითოეულ ინვესტორს, ქართველ მცირე თუ საშუალო მეწარმეს, რომ წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე. ამავდროულად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალობა და როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ყველა ამ კომპონენტის თანაფარდობამ უზრუნველყო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება",- ამბობს ქვრივიშვილი.
მან EMAAR-ის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ "წინა ხელისუფლების პერიოდში ჯამურად მოზიდული იყო $9 მილიარდის ინვესტიცია და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი კომპანიიდან მოზიდულ $6.5 მილიარდზე".




























