მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარკ როტკოს ნამუშევარი Sotheby's აუქციონზე გადის - სავარაუდო ფასი $100 მილიონია

როდკო

ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის, მარკ როტკოს 1957 წლის ნამუშევარი Brown and Blacks in Reds (1957) მაისში, ნიუ-იორკში Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება.

2,5 მეტრის სიმაღლის ტილო ხელოვანის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ეკუთვნის და მისი სავარაუდო ღირებულება $70 მილიონიდან $100 მილიონამდე მერყეობს, რითაც როტკოს დღემდე აუქციონზე გატანილი ნამუშევრების ტოპ სამეულში შედის.

Brown and Blacks in Reds (1957)

როტკოს სრულიად აბსტრაქტული სტილი მრავალწლიანი შრომისა და სხვადასხვა კულტურის, ხელოვნების მიმდინარეობისა და ეპოქისგან მიღებული შთაგონების შედეგი იყო, როგორიცაა ბერძნული ლარნაკები, აბორიგენი ამერიკელების ხელოვნება და ევროპელი სიურრეალისტების შემოქმედება. 1949 წლისთვის მისი შემოქმედებისთვის უკვე დამახასიათებელი იყო ვერტიკალურ მართკუთხა ტილოზე ან ქაღალდზე დატანილი ორი ან სამი, ზომით განსხვავებული ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული მართკუთხა ფორმები.

1957 წელს შექმნილი ნახატი Brown and Blacks in Reds სწორედ როტკოს ამ სტილის, ”color field”-ის საუკეთესო მაგალითია. ნახატის პალიტრა წინასწარმეტყველებს მისი გვიანდელი ნამუშევრების უფრო მუქ ტონალობებს, როგორიცაა "Seagram Murals", რომლების საშუალებითაც იგი ძირითად ადამიანურ ემოციებს — ტრაგედიას, ექსტაზისა და განწირულობას — გამოხატავს. მისი ნახატები ფანჯრების, კარებისა და პორტალების ასოცირების გზით დამთვალიერებლის მიერ სივრცითი აღქმის მანიპულირებას ახდენს.

ნახატის ესთეტიკური მნიშვნელობის გარდა, ის როტკოს თითქმის ყველა მსხვილ საერთაშორისო რეტროსპექტივაზე იყო გამოფენილი. ნახატის აუქციონზე გამოჩენა ხაზს უსვამს როტკოს მუზეუმის დონის ნახატების ბაზრის მდგრადობას, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და ღირებულ ნამუშევრებს შორისაა.

Orange, Red, Yellow (1961), როტკოს სააუქციონო რეკორდი, Christie's, ნიუ იორკი, $86,9 მილიონი

ბოლო წლებში აუქციონზე გაყიდული როტკოს ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრებია - Orange, Red, Yellow (1961), რომელიც Christie’s აუქციონზე (ნიუ-იორკი, 2012) 86,9 მილიონ დოლარად გაიყიდა, და No. 7 (1951), რომელიც Sotheby’s აუქციონზე (2021) 82,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები