მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების, Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის, ამერიკული META-ს დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის მოოქრული ყელსაბამი Tiltify-ის აუქციონზე $40,500-ად გაიყიდა, რაც 95-ჯერ მეტია, ვიდრე ამ ჯაჭვის რეალური ღირებულება. მკვეთრად მომატებულ ფასს ორი მიზეზი აქვს. პირველი — მარკ ზაკერბერგის სიმდიდრე, სტატუსი და კულტურული მნიშვნელობაა, მეორე კი — ჩატარებული აუქციონის საქველმოქმედო ბუნება. ამ ყელსაბამის გაყიდვით მიღებულ თანხას Tiltify-ის გუნდი Inflection Grants-ის ფონდში გადარიცხავს, რომელიც 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ფინანსურ მდგრადობაზე ზრუნავს.
როგორც აუქციონის აღწერაში ვკითხულობთ, მარკ ზაკერბერგის ეს ყელსაბამი ყველანაირ ტანსაცმელს უხდება, ხოლო თავად მილიარდერს ის მაშინ ეკეთა, როცა იმიჯი შეიცვალა. ყელსაბამთან ერთად, მყიდველი ვიდეოს ფორმის ავთენტიკურობის დამამტკიცებელ სერტიფიკატს მიიღებს, რომელსაც თავად მილიარდერი გადაიღებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ადამიანების საკუთრებაში არსებული ნივთები ის კატეგორიაა, რომლითაც სააუქციონო სახლები დიდძალ შემოსავალს აგენერირებენ. მიმდინარე კვირაში, სააუქციონო სახლ Sotheby’s-მა ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული ტომ ბრეიდის საათების და ნივთების კოლექცია გაყიდა. ორმოცდაერთი ლოტისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც Sotheby’s-ის ნიუ-იორკის ოფისში გამოიფინა, $9 მილიონად გაიყიდა. აუქციონისთვის Sotheby’s-ის რვაასი კლიენტი დარეგისტრირდა, რომელთა თითქმის ნახევარი ორმოც წლამდე ასაკის იყო, რაც მიანიშნებს, რომ ტომ ბრეიდის ნივთებით, ისევე, როგორც, ზოგადად, სპორტული სამახსოვრო ნივთებით, უმეტესწილად, მილენიალები და GenZ-თაობის წარმომადგენლები ინტერესდებიან.