აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელზეც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, შვეიცარიის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიიწვია, თუმცა, სტუმრებს შორის საქართველო არ ყოფილა წარმოდგენილი.
შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ ვახშამზე ყურადღება მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გარდა ამისა, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას არ მოიპოვოს. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას.
ცნობისთვის, აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოდან მიხეილ ყაველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და "ოცნების" მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებიან.




























