მარკო რუბიოს და აშშ-ის ელჩს გაეროში ვუთხარი, რომ ვიმედოვნებ, საქართველო მათთვის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაშინგტონში უკვე რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა ჰქონდათ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან. მათ შორის მომავალ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
"მოკლე შეხვედრა მქონდა მარკო რუბიოსთან, მომავალ სახელმწიფო მდივანთან, რაც ჯერ დადასტურებული არაა. ჩემი მიზანი იყო, რომ იმ რამდენიმე დღეში, რასაც ვაშინგტონში გავატარებ, მასთან სრულფასოვანი შეხვედრის შესაძლებლობა მქონოდა. მასაც და აშშ-ის ელჩს გაეროში, რომელსაც ასევე შევხვდი, ვუთხარი, რომ ვიმედოვნებ, საქართველო მათთვის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი იქნება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრო. როგორც ის X-ზე წერს, შეხვდა მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ეს შესაძლებლობა ახალი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხის მოწოდების გადასაცემად გამოიყენა.