მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" გერმანულ Develey-სთან ერთად ახალ საწარმოს აშენებს - ინვესტიცია ₾22 მლნ-ია

მარნეულის ქარხანა

“მარნეულის სასურსათო ქარხანა” გერმანულ ბრენდი Develey-სთან ერთად ახალ საწარმოს აშენებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი მუსერიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, “მარნეულის სასურსათო ქარხანამ” 15-წლიანი მუშაობის შედეგად, შეძლო ქვეყანაში ცნობილი გერმანული ბრენდის შემოყვანა, რომელიც უკვე ჩართულია ახალი საწარმოს მშენებლობა/აღჭურვის პროცესში.

როგორც გიორგი მუსერიძემ განმარტა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 22 მლნ ლარია, რომელიც ერთი მხრივ Develey-ს, ხოლო მეორე მხრივ, თავად “მარნეულის სასურსათო ქარხანას” შორის თანაბრად ნაწილდება.

“ჩვენ უკვე მე-12 ქვეყანა ვართ, სადაც ამ კომპანიას საწარმო ექნება. Develey 26-ზე მეტი საწარმო აქვს მსოფლიოში. ერთ წელიწადში ვფიქრობთ, რომ პირველ ფაზას დავასრულებთ. შედეგად, იმის გარდა, რომ არსებული პროდუქტების წარმოების ოპტიმიზაცია მოხდება და დაიხვეწება ხარისხიც, ასევე, დავიმატებთ დაახლოებით 100 სახეობის პროდუქტს, მათ შორის სხვადასხვა ზომის და შეფუთვებით კეტჩუპებს, საწებლებს და ა.შ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩავანაცვლოთ შემოტანილი პროდუქცია კეტჩუპების და მაიონეზის ხაზით. ამ მიმართულებით ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი გუნდი”, - განაცხადა "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორმა გიორგი მუსერიძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი დანადგარების 50% უკვე საქართველოშია და დაწყებულია გადამზადების პროცესი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ პროდუქტებს გემო და ხარისხი არ აკლია. ყველამ ვიცით გერმანული სიზუსტე, ყველამ ვიცით გერმანული ინჟინერიის ძალა და ვფიქრობთ ამის ნაზავი აუცილებლად მოგვცემს წარმატების გასაღებს”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, “მარნეულის სასურსათო ქარხანა” დაახლოებით 20 წლის წინ დაფუძნდა, კომპანიის ქარხანა მარნეულში მდებარეობს, სადაც აწარმოებენ სოუსებს, მწნილებს, ჯემებს, ტომატებს და საწებლებს. გიორგი მუსერიძის თქმით, მათი წარმოების მხოლოდ 15%-ია ამჟამად ექსპორტის წილი. დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები