შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი – 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს და დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიიტაცეს. მათ დაკავება პოლიციამ რამდენიმე წუთში შეძლო შემთხვევის ადგილთან ახლოს, ტაქსით გადაადგილებისას. სამართალდამცველებმა მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ იმავე არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის ნოემბერში მარნეულში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები იყო წაღებული.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























