Marron pastry-ი იტალიური საკონდიტრო ნედლეულის რეალიზაციის მიმართულებას ავითარებს. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში საკონდიტროს დამფუძნებელმა და კონდიტერმა დავით გორგოშიძემ განაცხადა, მათ წარმოებაში იტალიური Mancinelli-ს ნედლეულის, მათ შორის ნაღების, რძის, შოკოლადის, კარამელის და სხვა ნაწარმის გამოყენება დაიწყეს. პარალელურად კი, ამ იტალიური კომპანიის წარმომადგენლად იქცნენ საქართველოში და მათი ნედლეულის რეალიზაციასაც ახდენენ.
“ამას ცალკე ბიზნეს მიმართულებად ვავითარებთ. ჩვენ ვართ Mancinelli-ს წარმომადგენლები და შემომტანები საქართველოში. მათი ნედლეული საკონდიტრო ხარისხს საკმაოდ გაზრდის. ჩვენ შემთხვევაში მომხმარებელმა უკვე მიიღო ახალი ხარისხი და დააფასა კიდეც”, - აღნიშნა დავით გორგოშიძემ.
მისი თქმით, ახალი ბიზნესმიმართულების განვითარებაზე უკვე 2 წელზე მეტია მუშაობენ და ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ-მდე ლარია.
“იტალიური ნედლეული ხარისხობრივად მაღალია და შედარებით ძვირად ღირებულიც. ამიტომ რთულია დღეს ის ინდუსტრიას შესთავაზო და ამით დააინტერესო. თუმცა, საბედნიეროდ არიან საკონდიტრო მიმართულებით ისეთი ოპერატორებიც, რომლებიც ინტერესდებიან და ამ მხრივ არის ზრდა. მე თავად ვცდილობ, რომ მათ ადგილზე ვაჩვენო, თუ რამხელა სხვაობაა იტალიურ ნედლეულსა და მაგალითად, თურქულ ან სხვა უფრო დაბალხარისხიან ნედლეულს შორის და რამდენად განსხვავებული ხარისხის საბოლოო პროდუქციას გვაძლევს”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ნოემბერში გეგმავს იტალიელი პარტნიორების და მათი შეფების ჩამოყვანას, რომლებიც თავად მოაწყობენ დემონსტრაციას იმის, თუ რა შეიძლება გაკეთდეს Mancinelli-ს ნედლეულით.




























