„საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, შემზღუდველი ზონის შექმნა საჰაერო მარშრუტების გაუქმებას არ იწვევს.
ავალიშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოებას.
„საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, რომ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ საჰაერო ნაკადების რეორიენტაციას გულისხმობს, რაც არსებულ საერთო სურათს არ ცვლის.
„შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება თავისუფალი მარშრუტის კონცეფციას და პრინციპებს. შეზღუდული არეები არ განიხილება თავისუფალი მარშრუტებისთვის გამოყენებულ არეებად, შესაბამისად, ავიაკომპანიები მას გვერდს აუვლიან დადგენილი პრაქტიკის თანახმად“, - განმარტავს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, დღეიდან, 16 აპრილიდან ძალაში შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ 9 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც აბასთუმნის საჰაერო ცას თვითმფრინავებისთვის კეტავს. განისაზღვრა დაახლოებით 52-კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იზღუდება. ტერიტორიაზე გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.




























