გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„ჩვენ არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ, რაც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მარტა კოსმა ბრიუსელში, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
მან თქვა, რომ „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები გვყავს“. კითხვაზე, თუ ვინ არიან ეს მოწინააღმდეგეები კოსმა უპასუხა, რომ რუსეთი ერთ-ერთი მათგანია.
„თუმცა ევროკავშირი ზეწოლას დასავლეთისგანაც გრძნობს. MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაცემის გზაზეა და რომ ჩვენ არასწორი დემოკრატია გვაქვს“, - განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აუკრძალო.
"მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას", - განაცხადა სამხარაძემ.
























