2024 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. მთავრობის ინფორმაციით, რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება და ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამასთან, 2025 წლის იანვრიდან ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვა ამოქმედდება.
რა ეფექტი ექნება აღნიშნულ შეზღუდვას და როგორია ბიზნესის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამის შესახებ „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ "საქმიან დილაში" ჩართვისას ისაუბრა.
"ეს შეზღუდვები დიდი ხანია დაანონსებულია და ბიზნესი ამას უნდა მოერგოს, ჩვენ ვემხრობით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, არის ნიუანსები, რომელიც გასარკვევია, მაგალითად: რა ხდება რეექსპორტზე? თუ ადამიანმა შემოიყვანა რეექსპორტისთვის მანქანა და ვერ გაყიდა, შემდეგ რა ხდება?
ამასთან, გასამიჯნია ევრო 5 სტანდარტი და 2013, რაც ერთმანეთზეა მიბმული. მართებული იქნებოდა, პირველი ეტაპისათვის, ევრო 5 შემოღებულიყო. შეიძლებოდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოფილიყო გათვალისწინებული და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე გზაში ჰყავთ მანქანა, პირველი 6 თვე მიეცათ, ამით დავინახავდით როგორი იქნებოდა დინამიკა, როგორ გადაეწყობოდა ბაზარი და ა.შ.", - დასძინა დამფუძნებელმა.
ამასთან, ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსა და მთავრობას შორის ამ საკითხის შესახებ პირდაპირი კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა.
"ბიზნესი ამ შეზღუდვების შესახებ თავიდანვე გაფრთხილებული იყო. ვფიქრობ, არის ნიუანსები, რომელიც არ არის გათვალისწინებული. ჩვენ თავიდანვე დავსვით კითხვები, ვიცით, რომ მთავრობაც და რეგულაციების მიმღები ორგანოც კითხულობს ჩვენს კითხვებს და სწორედ მათ უნდა გამოთქვან სურვილი, რომ ეს თემები განვიხილოთ, თუმცა, ჯერ არავინ დაგვკავშირებია", - აღნიშნა მან.