საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მარტის ბოლომდე ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების პატიების პროცესი დასრულდება და გამოიკვეთება, რომელი ენერგეტიკული პროექტები შეასრულებენ განახლებული მემორანდუმის ფარგლებში ოპერირებას. ამის შესახებ მან ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი სწორედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების პატიება იყო.
„მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება ჯარიმების პატიებასთან დაკავშირებული პროცესი და გვეცოდინება, რომელი ენერგეტიკული პროექტები რჩებიან და ასრულებენ განახლებული მემორანდუმების ფარგლებში ოპერირებას. ვხედავთ, რომ დინამიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, არის რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც გაუქმებისკენ მიდის, თუმცა, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჯარიმა ვაპატიოთ იმ პირობით, რომ განესაზღვრება ახალი ვადები ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ამ ვადებსაც მივყვებით, უბრალოდ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს ვეღარ გადაიქცევა ისეთ ვადებად, რაზეც დღეს პატიების საჭიროება დადგა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი დიალოგისა და ქმედითი ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, გვქონდეს ღია დიალოგი კერძო სექტორთან და ყველა ახალი ინიციატივა იყოს თქვენთან შეჯერებული. ეს არის ალბათ იმის საწინდარიც, რომ სექტორი სწორად და ჯანსაღად განვითარდეს. ჩვენი მოტივაციაა, შემოგთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად განავითაროთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უნდა განულდეს, რადგან ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტი.
„ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანაში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, საქართველომ უნდა გაანულოს იმპორტი და სრულად უზრუნველყოს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიით შიდა საჭიროებები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალები გააცნო. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გეგმის პირველი ფაზა გულისხმობს მზის, ქარისა და ჰიდროენერგიის კუთხით 4,000 მეგავატი სიმძლავრის დამატებას. რაც შეეხება მეორე ფაზას, 2032 წლიდან 2036 წლამდე, ჯამურად, უნდა დაემატოს 2,750 მეგავატამდე და ეს ფაზა, ძირითადად, სრულად მიმართულია ისეთი პროექტებისკენ, როგორიცაა მსხვილი ჰესები. ყველა პროექტს თავისი გონივრული განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვადები აქვს განსაზღვრული და სწორედ ეს არის ლოგიკა 4,000 და 2,750 მეგავატს შორის,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა საჯარო - კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად მოიყვანა კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში საშემოსავლო გადასახადი განაწილების წესის ცვლილება ითვალისწინებს. გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილმა განსახილველად მთავრობის ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც 5-მგვტ-მდე ელექტროსადგურების პროექტებს შეეხება.
მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილით უკვე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
შეხვედრა განახლებადი ენერგიების ასოციაციის „გრედას“ ორგანიზებით გაიმართა. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ესკოს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე, აგრეთვე პროფილური ენერგეტიკული დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.




























