მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტის მოგების დეკლარაციაში ბიზნესს კონტროლირებული ოპერაციების დეტალური აღწერა მოუწევს

დავით პაპიაშვილი

Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ ყოველი წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ბიზნესს ახალი ვალდებულება ემატება. ახალი რეგულაციით, გადამხდელმა დეკლარაციაში სათითაოდ და დეტალურად უნდა აღწეროს თითოეული ტრანზაქცია, იქნება ეს სესხის აღება თუ გაცემა დედა კომპანიასთან.

„ყოველი წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ახალი ვალდებულება დადგინდა. ბიზნესმა დეტალურად უნდა აღწეროს თითოეული კონტროლირებული ოპერაცია სესხის აღება-გაცემა დედა კომპანიასთან, საქონლის ყიდვა-გაყიდვა თუ მომსახურების მიღება-გაწევა. ყველა ეს ოპერაცია დეკლარაციაში სათითაოდ უნდა აისახოს. კერძოდ, უნდა მიეთითოს კომპანიის დასახელება, თანხა და დებიტორულ-კრედიტორული ნაშთი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ თითოეულ ნაწილში სავალდებულოა მითითება ფლობს თუ არა კომპანია შესაბამის დოკუმენტაციას. შინაარსობრივად ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან აღნიშნული ვალდებულება მანამდეც არსებობდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ბიზნესი შემოსავლების სამსახურის წინაშე უფრო მეტად ანგარიშვალდებული ხდება.

თუ კომპანია მიუთითებს, რომ დოკუმენტაცია გააჩნია და ოპერაცია მსხვილ თანხას ეხება, შესაძლოა, მისი წარდგენა მოსთხოვონ. ხოლო თუ მიუთითებს, რომ დოკუმენტაცია არ აქვს მის მიმართ ინტერესი გაიზრდება. ასეთ დროს, შემოსავლების სამსახური გადამხდელს დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს, რისთვისაც განსაზღვრულია 30-დღიანი ვადა, რაც ხშირად არასაკმარისია.

შედეგად, ბიზნესი იძულებულია, არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ ან ოფშორულ კომპანიებთან გარიგებისას თავიდანვე დაიჭიროს თადარიგი, რათა მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტაციის დროულად წარდგენა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური თავად დაადგენს გარიგების საბაზრო დიაპაზონს და თუ კომპანიის მაჩვენებლები ამ დიაპაზონში ვერ მოხვდება სოლიდური ჯარიმა დაეკისრება", - განაცხადა პაპიაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები