ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე აცხადებ, რომ მიმდინარე წელი მათთვის მარტივი არ ყოფილა. მიზეზი კი მთავარ საექსპორტო ბაზარზე [რუსეთში] ღვინის შემცირებული ექსპორტია. ამის შესახებ ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის დამფუძნებელმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
სპირტიანი სასმელების ექსპორტი ღვინისას აღემატება, ორივე პროდუქტის გადაზიდვები კი შემცირებულია
გოჩა ჩხაიძე ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემცირების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და აცხადებს, რომ კომპანიაში მომავალი წლისთვის ახალი ბაზრებზე განვითარებაზე მუშაობენ.
„მარტივი წელი არ არის, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმლის ძირითად საექსპორტო ბაზარზე [რუსეთში] გაყიდვების ვარდნაა. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - პირველი ის, რომ [რუსეთში ალკოჰოლურ სასმელზე მათ შორის ღვინოზე] აქციზი გაიზარდა და იანვრიდან ეს აქციზი კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, კონიაკზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ დახლზე მინიმალური ფასი გაზრდილია - ამან ერთი მხრივ ფასის აწევის საშუალება მოგვცა, მეორე მხრივ კი გაყიდვები შეზღუდა. მსოფლიოში ასევე ასეთი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდები დაბალალკოჰოლიან სასმელების მოხმარებაზე გადადიან, რა სეგმენტშიც გაყიდვების ძალიან დიდი მატებაა. ყოველივე ამის მიუხედავად წელს 2024 წლის გაყიდვების მაჩვენებლის შენარჩუნებას ვცდილობთ. ალბათ ამ მაჩვენებელთან ახლოს ვიქნებით. პარალელურად ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2026 წელს სხვა ბაზრების მიმართულებით უფრო მეტად გავაქტიურდეთ“, - განმარტა გოჩა ჩხაიძემ.
„ასკანელის“ დამფუძნებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანია მაღალი სტანდარტებისა და პროდუქტების მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ინვესტირებას აგრძელებს, ხარისხი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი გაყიდვების მდგრადობას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ასორტიმენტი იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თუ ღვინის გაყიდვებს სირთულე შეექმნება, კონიაკის გაყიდვებით დავაბალანსოთ, ამასთან გავააქტიურეთ ცქრიალა ღვინის წარმოებაც. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - ძალიან განვავითარეთ „ანასეულის“ ჭაჭის წარმოება, რაც გარკვეულ პერიოდში იჩენს თავს და არსებულ ვითარებას აბალანსებს.
ძალიან ბევრს ვმუშაობთ რომ შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები როგორც ქვევრის, ასევე ელიტარული და ტრადიციული შუშხუნა ღვინოების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჭაჭის გაყიდვებით პირველები ვართ და წლიურად, დაახლოებით, 1 მლნ ბოთლს ვყიდით.
„ასკანელში“ ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული ტექნოლოგიებში, იმისთვის წარმოება მაღალი სტანდარტებით წარიმართოს. დიდებიც ვართ და ხარისხიც გვიკავია. ჩვენს ცუდ ღვინოს ვერ დალევთ - ეს არის ჩვენი მონაპოვარი“, - აცხადებს „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე.




























