პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა დააყენა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ინსტიტუტი მოძველებულია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები ანელებს.
„მართლა არ მესმის, რა საჭიროა ზედმეტი რგოლები, ამიტომ ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, გუბერნატორების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები და საკმაოდ ქმედითები არიან. რაღაც პერიოდი ვიყავი კიდეც ამ მიმართულებით კურატორი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც შეიქმნა სამინისტრო, საკმაოდ დიდი ფუნქციებით, ეს არის ზედმეტი რგოლი“, – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატის თქმით, ადმინისტრაციული სტრუქტურების ოპტიმიზაცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის მიხედვით, ირაკლი კობახიძეს 9 სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს
- გურიის მხარე: გიორგი ღურჯუმელიძე
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე: პარმენ მარგველიძე
- შიდა ქართლის მხარე: სიმონ გულედანი
- მცხეთა-მთიანეთის მხარე: ალექსანდრე ზაგაშვილი
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე: დავით ვერავა
- ქვემო ქართლის მხარე: ილია ჯალაღანია
- სამცხე-ჯავახეთის მხარე: ზაალ გელაშვილი
- იმერეთის მხარე: ლევან ზალკალიანი
- კახეთის მხარე: პლატონ კალმახელიძე

























