მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი
31.08.24 19:11
950

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.

საქმე ისაა, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად 29 აგვისტოს შეიკრიბნენ.

"გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ",- განაცხადა ივანიშვილმა.

დღესდღეობით მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ აქვს. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები