ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 105 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება.
უწყების მონაცემებით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, დაახლოებით 134 კუბური მეტრი საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ განთავსდა.
რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი - 31 შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა. ასევე, სამართალდარღვევები გამოვლინდა იმერეთში (17), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში (15), ქვემო ქართლში (8), გურიაში (8), სამეგრელო-ზემო სვანეთში (7), მცხეთა-მთიანეთში (5), შიდა ქართლში (11) და სამცხე-ჯავახეთში (3). გარდა ამისა, იმერეთის რეგიონში გამოვლინდა ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ერთ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.
ამასთან, დაფიქსირდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტიც - ერთი მცხეთა-მთიანეთში და ოთხი კახეთში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების სულ 191 ფაქტი გამოვლინდა.



























