2025 წლის 23 მარტს საქართველოსა და სომხეთს შორის ერთა ლიგა ლიგის პლეი აუტის მატჩი შესაძლოა “დინამო არენაზე” შედგეს. თავდაპირველად ეს ინფორმაცია UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
უკანასკნელი ორი სანაკრებო ფანჯრისას “ჯვაროსნებმა” თამაშები ორჯერ “მიხეილ მესხის”, ხოლო ერთხელ ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართეს. ამის მიზეზი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც “დინამო არენა” “ამორტიზებულია” და პირველ იარუსს გააჩნია მდგრადობის პრობლემა.
თავის მხრივ “დინამოს” დირექტორი თემურ პირტახიას განცხადებით 55 ათასიანი სტადიონი მზად იყო 41 ათასი გულშემატკივრისთვის ემასპინძლა. გამოსაყენებლად უსაფრთხოდ კი სრულიად მეორე იარუსს, ვიპ ლოჟებსა და ლაუნჯებს მოიაზრებდა. მისივე თქმით პირველი იარუსი, რომელიც 12 995 გულშემატკივარს იტევს, დეტალურად უნდა შემოწმდეს.
10 დეკემბერს “Crystalbet ეროვნული ლიგის” დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა მარტში “დინამო არენას” მზაობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ მისი და მთლიანად ფედერაციის სურვილია “დინამო არენა” იყოს უსაფრთხო და სწორედ მან მიიღოს სომხეთთან ჩასატარებელი თამაშის მასპინძლობის უფლება:
“პროცედურულად, როდესაც ნაკრებს თამაში აქვს უეფას მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე თვით ადრე იგზავნება ინფორმაცია თუ სად ჩავატარებთ საშინაო თამაშს. ჩვენი სურვილი ყოველთვის და ახლაც არის ვითამაშოთ ისეთ სტადიონზე, რომელიც ტევადობით უფრო დიდია, ასეთი კი არის „დინამო არენა“. ეს სურვილი ჩვენ ადრეც არაერთხელ დავადასტურეთ და ეს მუდამ ასე იქნება. უეფას მოთხოვნაში „დინამო არენა“ მივუთითეთ, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას, რომ იქ ვითამაშოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამაში იქ ჩატარდება. სტადიონის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მისი გამართვა, რათა მარტის თამაშისთვის ვიქირაოთ მათგან მთლიანი მოცულობით და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. ჩვენ დაველოდებით თუ რა სამუშაოები ჩატარდება და არსებული პრობლემები იმედია მალე აღმოიფხვრება, რაც მოგვცემს მარტში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის უსაფრთხოდ გამართვის შესაძლებლობას“, - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
როგორც BMG-ის "დინამოს" ადმინისტრაციამ განუცხადა, ყველა მხარის მზაობა არის თამაშის "დინამო არენაზე" ჩატარება. ამ ეტაპზე ექსპერტმა უნდა თქვას თუ რა არის გამოსასწორებელი და ამის შემდეგ კლუბი დაიწყებს მის მოგვარებაზე მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე, 7 ქულით დაასრულა, პირველ ადგილზე 11 ქულით ჩეხეთის, ხოლო მეორეზე 8 ქულით უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. შედეგად ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს თბილისში მოუწევს მატჩების ჩატარება.