PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მარტში თებერვალთან შედარებით სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში თებერვალთან შედარებით ინდექსი 8.5%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4%-ით გაიზარდა.
ფასების ყველაზე მაღალი თვიური ზრდა თბილისში (14.6%), შემცირება კი მცხეთა-მთიანეთში (12.6%) დაფიქსრდა. მარტში სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურადაც თითქმის 15%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა აჭარაში (25.8%) დაფიქსირდა, შემცირება კი სამეგრელო-ზემო სვანეთში(3.4%).
2022 წლის მარტში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 114 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი მარტში 406 ლარი იყო. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 574 ლარი შეადგინა, კახეთში - 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 373 ლარი, ხოლო გურიაში - 352 ლარი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.




























