თურქეთი წელს უკვე მეორედ მოხვდა ელექტროენერგიის იმპორტიორებს შორის, რაც Galt & Taggart-ის შეფასებით, გაზრდილ კონკურენციაზე და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებზე მიანიშნებს.
კერძოდ, 2026 წლის მარტში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 9%-ით შემცირდა და 0.2 ტვტ.სთ შეადგინა. თუმცა, აფხაზეთისთვის განკუთვნილი შეღავათიანი იმპორტის გამოკლებით, კომერციული იმპორტი გაორმაგდა (119%-იანი ზრდა წლიურად). შედეგად, იმპორტის ჯამური ღირებულება 31%-ით 5.9 მლნ-მდე გაიზარდა.
"ჩვენი შეფასებით, იმპორტის გეოგრაფია მარტში განისაზღვრა როგორც ფასობრივი, ისე ტექნიკური ფაქტორების ერთობლიობით. რაოდენობრივად რუსეთი უმსხვილესი მომწოდებელი იყო, თუმცა აფხაზეთისთვის განხორციელებული შეღავათიანი მიწოდების გამო, ღირებულებით მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა.
თურქეთი მარტში ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი იყო, რაც აზერბაიჯანთან შედარებით დაბალი ფასით აიხსნება (კვტ.სთ-ზე 4.6 ცენტი თურქეთიდან vs 6 ცენტი აზერბაიჯანიდან). ჩვენი აზრით, თურქეთის განმეორებით გამოჩენა ტოპ იმპორტის წყაროებს შორის მიუთითებს გაზრდილ კონკურენციაზე და შესაძლოა, იმპორტის სტრუქტურის ეტაპობრივ ცვლილებაზეც", - წერს Galt & Taggart-ი.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მარტში თურქეთიდან 58 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ჯამში 2026 წლის სამ თვეში თურქეთიდან 178 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნა შესყიდული.
აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში დენის იმპორტში ჯამში 35.7 მლნ დოლარამდეა გადახდილი. აქედან თურქეთიდან თითქმის 13 მლნ დოლარის ელექტროენერგიაა იმპორტირებული, 12.9 მლნ დოლარის რუსეთიდან, ხოლო 6 მლნ დოლარამდე აზერბაიჯანიდან. ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად იანვრის თვეზე მოდის, როდესაც ქვეყანამ 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.




























