მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა - შედეგები

მარწყვის ასოციაცია

მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციაში, ასოციაციის წევრებსა და ასოციაციის კონსულტანტ, იტალიელ აგრონომსა და სელექციონერ ფრანკო ზენტის შორის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ, BM.GE-ს ასოციაციის თანადამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგში არსებული პრობლემები და ასევე ამ პრობლემების გადაჭრის გზები განიხილებოდა.

„ამ ეტაპზე, კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გვაქვს, ვინაიდან აღნიშნული პრობლემების გადაჭრა დაჩქარებულ რეჟიმში სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება.

ძირითადი პრობლემები, რომელიც სამუშაო შეხვედრისას გამოიკვეთა, სექტორში ჩართული ფერმერების დაბალი კვალიფიკაციაა, რომლებსაც მარწყვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. მარწყვის მოსაყვანად, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე აგრონომები არ გვყავს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არის საკმარისად კარგი სანერგე მასალა, ასევე ქართულ ბაზარზე ათასობით ტონა დაბალ ფასიანი იმპორტირებული მარწყვი იყიდება, რომელიც ძირითად შემთხვევაში ქართული მარწყვის სახელით რეალიზდება.

სექტორის განვითარების მიზნით, მარწყვის სექტორში ჩართული მაღალი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე აგრონომის მოწვევაა საჭირო, რათა სექტორში ჩართული ფერმერების ცოდნის ამაღლება, თანამედროვე მეთოდების გაცნობა და შესწავლა მოხდეს. ასევე, უნდა მოხდეს რეგიონების მიხედვით კვალიფიცირებული, კლიმატზე და ტექნოლოგიურ ციკლზე მორგებული სანერგე მასალის შერჩევა. ამასთან, ცალკეული რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაც განისაზღვროს,“- აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.

მისივე ცნობით, ქვეყანას იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, სრულად შესაძლებელია საექსპორტო ხარისხისა და რაოდენობის მარწყვის მოსავლის მოყვანა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ქვეყანაში 3000 ტონაზე მეტი თურქული მარწყვი შემოდის, რომლის მაჩვენებელიც ყოველწლიურად მზარდია. ხოლო, ადგილობრივი წარმოება, იმპორტთან შედარებით მიზერულია და უკუსვლას განიცდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები