მარწყვის მურაბების მწარმოებელი სოციალური საწარმო „აგამა“ მომავალ წელს გაფართოვდება, - ამის შესახებ BMG-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, არჩილ ელბაქიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მარწყვსა და მარწყვის მურაბაზე მოთხოვნა რეგიონში იმდენად დიდია, რომ საჭირო გახდა როგორც საწარმოს, ასევე წარმოების მოცულობების ზრდაც. ამჟამად ორი სასათბურე მეურნეობა აქვთ, თუმცა 2024 წელს წარმოების გასამმაგება იგეგმება.
„ამ ეტაპზე, 4000 ძირი მარწყვი გვაქვს, საიდანაც წელიწადში, 2-2.5 ტონა მარწყვის გადამუშავებას ვახდენთ. მომავალი წლიდან, 2500 მეტრიანი სასათბურე მეურნეობა უნდა გვქონდეს, რომლისთვისაც დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტიციას განვახორციელებთ როგორც ჩვენ, ისე დონორებთან თანამშრომლობით.
ამ ეტაპზე, სარეალიზაციო მასშტაბების ზრდა არ იგეგმება. მოთხოვნა ჯერ იმერეთში გვაქვს დასაკმაყოფილებელი და შემდეგ უკვე სხვა რეგიონში გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლაზეც ვიფიქრებთ,“- აცხადებს ელბაქიძე.
მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ჯამში 3 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც სოფლის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებიდან არიან, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე მათი რაოდენობა 5 ადამიანამდე იზრდება. საწარმოს გაზრდის შემდეგ კი, კადრების 10 ადამიანამდე დამატება იგეგმება.
რაც შეეხება რეალიზაციას, მომხმარებელს პროდუქციის შეძენა ადგილზევე შეუძლია. თუმცა "აგამას" პროდუქციის შეძენა იმერეთში, საბითუმო ბაზარშიც შესაძლებელია.
ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „აგამა“ იმერეთში, სოფელ გეგუთში მდებარეობს და ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. საწარმოში ადგილზევე ხდება მარწყვის მოყვანა და მისგან მარწყვის მურაბის წარმოება. გარდა მარწყვის მურაბისა, საწარმო „აგამას“ ბრენდის ქვეშ, ცაგერის რაიონში მთის თაფლიც იწარმოება, რომელიც ასევე მისი მცირე წარმოების გამო, ადგილობრივად იყიდება.