მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მართვის გამოცდის ქალაქში გადატანამ მომართვიანობა შეამცირა, ფასები კი გაგვაზრდევინა“ - ავტოსკოლა

6319b6d973a40
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.22 23:55
3908
მიმდინარე წლის 25 აპრილიდან ძალაში შევიდა ახალი ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. პირველ ეტაპზე ეს B და BE კატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეგულაცია სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

რა გავლენა იქონია ამოქმედებულმა ცვლილებამ ავტოსკოლებზე და შეიცვალა თუ არა თავად მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობა - ამ კითხვებით BM.GE-ს ავტოსკოლა „დრაივ ქლაბს“ მიმართა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდანაა და დღეისთვის თბილისში ორ ფილიალს მართავს.

კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანა სიბაშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაში ავტომობილის მართვის შესწავლის მსურველთა რაოდენობა ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა.

„მომართვიანობა თავისთავად შემცირდა. რეალურ პირობებში მართვის მოწმობის აღება მოქალაქეებს უფრო ერთულებათ, ამიტომ მხოლოდ ისინი მოდიან სკოლაში ვინც რეალურად აპირებენ მანქანის მართვას. ადრე ასე არ იყო, ჩვენი მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ისე იღებდნენ მართვის მოწმობას და შესაბამისად მომართვიანობაც მეტი იყო.

მომართვიანობის შემცირებისა და სხვა ხარჯების კლების გამო ავტოსკოლებს მართვის შესწავლის მომსახურების ღირებულების გაძვირება უწევთ. „დრაივ ქლაბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ფასებზე გაძვირებული საწვავი და სხვა პროდუქტების გაძვირებაც მოქმედებს.

„მართვის შემსწავლელი კურსების ღირებულება 30-40%-ით გავზარდეთ. რადგან საწვავი ფასი გაიზარდა, მომართვიანობა კი შემცირდა.

2015 წელს საქმიანობის დაწყებისას გაცილებით ბევრი მსურველი დადიოდა ჩვენთან და ფასებიც შესაბამისად დაბალი იყო. ახლა მომართვიანობა ძალიანაა შემცირებული, რაც ჩვენს ტარიფებზე აისახება. ადრე მოედანზე მანქანის მართვის შესწავლის ერთი გაკვეთილი თუ 20 ლარი ღირს, დღეს 30 ლარია და თუ ხარჯები კიდევ გაგვეზრდება, ვფიქრობთ ფასს 35 ლარამდე ავწევთ. ამასთან, ვცდილობთ რომ ჩვენი სერვისი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომიც იყოს. რთულ ვითარებაში გვიწევს ოპერირება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, ქალაქში მართვის შესწავლის 1 გაკვეთილის ღირებულება დღეს 45 ლარია.

„ადრე მოედანზე გამოცდის ჩაბარებისას თუ მოსწავლეები 10 გაკვეთილს იღებდნენ, ქალაქში მოძრაობის შესასწავლად ბევრად მეტი გაკვეთილის გავლა უწევთ, რომ მიეჩვიონ და გამოცდაზე კომფორტულად იგრძნონ თავი. თავად გამოცდა საკმაოდ რთულია და დამკვირვებელმა არ უნდა შეგამჩნიოთ, რომ ღელავთ ან იბნევით“, - განმარტავს ანა სიბაშვილი და დასძენს, რომ დღეს „დრაივ ქლაბი“ თვეში დაახლოებით 100 ადამიანს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები