მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?

63c955fdf3bee
თათია ჩაფიჩაძე
21.01.23 21:40
35597
თითქმის 9 თვეა მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. მოედნის გარდა, დამწყები მძღოლები გამოცდას ქალაქშიც აბარებენ.

ავტოსკოლები პროგნოზირებდნენ, რომ შედეგად მართვის მოწმობის აღების მსურველთა საბაზისო უნარ-ჩვევები გაუმჯობესდებოდა და მეორე მხრივ, ცვლილებების ძალაში შესვლა ბაზარზე არსებულ ავტოსკოლების რაოდენობასაც შეამცირებდა.

სექტორის მოლოდინი იყო რომ ცვლილებებს უსაფრთხოების ხარისხიც უნდა გაეზარდა, თუმცა დღეს ნაწილი აცხადებს, რომ გამოცდა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. საავტომობილო სპორტის ფედერაციის განათლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ბაბუციძე „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ამბობს, რომ გამოცდა არ პასუხობს იმ უნარებს რაც მომავალ მძღოლს სჭირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვითხოვდით გამოცდის ჩატარებას რეალურ სივრცეში დიდად არაფერი შეცვლილა. აქაც ლაფსუსებია ისევე როგორც ყველგან, არ არის ეს ის გამოცდა, რა გამოცდასაც ველოდებოდით. უბრალოდ წრეს არტყამ ქალაქის რაღაც ნაწილს, ისიც ნაკლებად დატვირთულ ადგილებში და არც პარკინგია უკუსვლით. ანუ რეალურ სივრცეში რასაც უნდა შეხვდეს მძღოლი, გამოდის რომ იმას კიდევ დამატებით ვასწავლით მართვის მოწმობის აღების შემდეგ.

მძღოლის პროფესია საერთოდ გაუქმებულია, არადა მძღოლი ეს არის მომეტებული საფრთხის პროფესიის მატარებელი ადამიანი, ექიმს არ უშვებენ ოპერაციაზე კონსილიუმის გარეშე, აქ კიდევ შეიძლება საბურავი ან რამე მოძვრეს მანქანას და უცებ იმსხვერპლო ადამიანები. მკვლელები დადიან მანქანებით და უვიცი მკვლელი, როცა არ იცის რა უნდა გააკეთოს მოძრაობისას, განსაკუთრებით რთული შემთხვევაა.

ჩემი აზრით პირველ რიგში საჭიროა ავტოსკოლებს დაეთმოს დიდი ყურადღება, რომელსაც არ აქვთ მოედანი, არ ჰყავთ თავისი ავტომობილი, 18-19 წლის გოგოები ასწავლიან თეორიულ ნაწილს, ეს ყველაფერი გადასახედია. 800 ავტო სკოლიდან შეიძლება 4 ავტოსკოლაში ხდებოდეს ის სწავლა რაც საჭიროა.“ - აცხადებს ბაბუციძე.

მისივე ინფორმაციით, ორეტაპიანი გამოცდის ამოქმედების შემდეგ პირველ ცდაზე გამოცდას წარმატებით 100-დან მხოლოდ 4 ადამიანი აბარებს.

„ჩვენი მონაცემებით, 100 მონაწილიდან 25 აბარებს პირველ ეტაპზე თეორიას და მოედანს და ამ 25-დან მხოლოდ 4 აბარებს გამოცდას ქალაქში. იმ 4-დან ერთმა თუ გაატარა ქალაქში მანქანა, ეგეც კარგი შედეგია.

პრობლემებია რეგისტრაციის ნაწილშიც. დაემატა მომსახურების სააგენტოში vip მომსახურება, 250-ლარიანი და 90-ლარიან გამოცდაზე ფაქტობრივად ვეღარ რეგისტრირდებიან. იძულებულები ხდებიან, რომ ამ მომსახურებით ისარგებლონ. 250 ლარს თუ ვიხდი, ეს ნიშნავს, რომ მაქვს გასვლის საშუალება და იმ 90 ლარიანზე ვერ ვრეგისტრირდები 2-3 თვე", - განაცხადა ბაბუციძემ.

შეგახსენებთ, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში სავალდებულო 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები