მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს, თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყოველთვის გაახაროს.

ალაბამაში გამგზავრებამდე, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა CNN Türk-ის კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ ხსნის აშშ თურქეთის წინააღმდეგ CAATSA-ს („ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების საშუალებით დაპირისპირების აქტის“) ფარგლებში დაწესებულ სანქციებს მას შემდეგ, რაც ივლისში, ნატოს სამიტზე ტრამპმა ერდოღანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მე ყოველთვის ველაპარაკები პრეზიდენტ ერდოღანს. ის ჩემი მეგობარია, როგორც იცით. მე მას ყოველთვის გავახარებ“, - განუცხადა ტრამპმა მედიის წარმომადგენელს.

მედიის ცნობით, ივლისში თურქეთში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში ერდოღანთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას თურქეთისთვის CAATSA-ს სანქციების მოხსნა სურდა და ამ შესაძლებლობას "აბსოლუტურად" განიხილავდა ანკარისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენის ნებართვის მიცემას.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-მა თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გამორიცხა, რაც ანკარამ რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სისტემა საფრთხეს უქმნიდა F-35-ის თვითმფრინავებს და შეუთავსებელი იყო ნატო-ს სტანდარტებთან. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, აშშ-მა CAATSA-ს ფარგლებში სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს S-400-ის შესყიდვის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები