იაპონელი ანტრეპრენიორი და ინვესტორი, მასაიოში სონი მორიგი ამბიციური გეგმით გამოდის. ამჯერად, SoftBank-ის დამფუძნებელს ამერიკის შტატ არიზონაში $1-ტრილიონიანი ინდუსტრიული კომპლექსის შექმნა სურს, სადაც AI-ის და რობოტიკის მსოფლიოში უდიდესი ჰაბი განთავსდება. ამ გზით, მასაიოში სონს აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნა სურს, ხოლო თავად ადგილი დაახლოებით ისეთივე პროექტად მოიაზრება, როგორიც ჩინეთის ქალაქ შენჭენში მოეწყო.
კონკრეტულად რას გულისხმობს სონის ეს იდეა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, მილიარდერ ინვესტორს პროცესში ტაივანური TSMC-ის ჩართვა სურს, რომელიც მიკროჩიპების და ნახევარგამტარების უდიდესი მწარმოებელია პლანეტაზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, TSMC-ის გარდა პროექტში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომელთათვის SoftBank-ის დამფუძნებელმა აშშ-ის მთავრობისგან კონკრეტული საგადასახადო შეღავათები ითხოვა.
თავად ის ფაქტი, დაინტერესებულია თუ არა მასაიოში სონთან პარტნიორობით ტაივანური გიგანტი, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ თავად TSMC აშშ-ში აქტიურად ვითარდება, რაზედაც პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებული არაერთი პროექტი მიუთითებს, რომელთა ჯამური ღირებულება $165 მილიარდია. რამდენიმე თვის წინ, TSMC-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპმა ის კეთილი სიტყვებით შეამკო და ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მოიხსენია.
თუკი SoftBank-ი ამ პროექტს თავს მოაბამს და აშშ-ის ეკონომიკაში დაანონსებულ $1-ტრილიონიან ინვესტიციას დააბანდებს, აღნიშნული პროექტი ორჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე SoftBank-ის, OpenAI-ის და Oracle-ის მიერ დაანონსებული Stargate-ი, რომლის ფარგლებში ქვეყნის რამდენიმე შტატში ხელოვნური ინტელექტის დასწავლისთვის აუცილებელი მასიური დატაცენტრების აშენება იგეგმება. Stargate-ის საპროექტო ღირებულება $500 მილიარდია.




























