მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და კოსმოსური კომპანია SpaceX-ისა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ამოცანა უახლოეს ათწლეულში მთვარეზე თვითმყოფადი, განვითარებადი ქალაქის შექმნა იქნება.
, რომელიც დედამიწისაგან დამოუკიდებლად შეძლებს არსებობას და გააჩენს კოსმოსის კოლონიზაციის პირველ მაგალითს. მასკის განცხადებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგან წლების განმავლობაში SpaceX-ის დამფუძნებლის განსაზღვრული ამოცანა არა მთვარის, არამედ მარსის ათვისება, იქ რაკეტების გაგზავნა და ადამიანებით დასახლებული ქალაქების აგება იყო.
როგორც მილიარდერმა განაცხადა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მიხვდა, რომ მთვარეზე თვითმყოფადი კოლონიების შექმნა გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა ამ მიზნის მიღწევისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, მასკმა ინვესტორებს უთხრა, რომ 2027 წლის მარტში SpaceX-ი მთვარეზე მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტის, Starship-ის დაშვებას აპირებს. თუ მისია წარმატებული აღმოჩნდა, შემდგომ ჯერზე კომპანია მთვარეზე ადამიანებსაც გაუშვებს, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა დედამიწის თანამგზავრზე კერძო კომპანიის რაკეტა დაჯდება.
ცნობისთვის, მთვარეზე ადამიანების დაბრუნებას აქტიურად ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო NASA-ც, რომელსაც თანამგზავრის გარშემო ფრენა მარტის თვეში აქვს დაგეგმილი. სააგენტოში მოელიან, რომ Artemis II-ის წარმატებული ფრენა საფუძველს მოამზადებს მთვარეზე ადამიანების დაბრუნებისთვის, თუმცა აღნიშნული მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი პროექტი იმდენჯერ გადავადდა, რომ, სავარაუდოდ, Artemis III-ის მისიაზე ადრე ისტორიული შედეგის მიღწევას სწორედ SpaceX-ი შეძლებს.
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ყურადღების მთვარეზე გადატანის მიუხედავად ილონ მასკი უმთავრეს მიზანზე, მარსზე კოლონიზაციაზე უარს არ აცხადებს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, წითელ პლანეტაზე რაკეტების გაშვება და იქ ადამიანების დასახლება 5-7 წელიწადში გახდება შესაძლებელი, იქამდე კი პრიორიტეტი მთვარის ათვისება იქნება, რაც კომპანიას კოსმოსის ათვისების კუთხით მნიშვნელოვან გამოცდილებას მიაღებინებს და შექმნის საფუძველს უფრო წარმატებული მისიების განხორციელებისთვის.




























