მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი უმსხვილეს ამერიკულ სტარტაპ OpenAI-სა და მისი 27%-იანი წილის მფლობელ ტექ-გიგანტს, Microsoft-ს უჩივის.
როგორც მილიარდერი აცხადებს, კომპანიებმა მასკის მიერ, სტარტაპის შექმნის საწყის ეტაპზე გაწეული დახმარებით ბოროტად ისარგებლეს და “ფულის გაკეთება” დაიწყეს. “მე დავეხმარე OpenAI-ს, გამხდარიყო ის, რაც დღეს არის. მივაწოდე საჭირო ფინანსური რესურსები, დავეხმარე კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შემდგარი გუნდის დაკომპლექტებაში, ახლა კი ისინი მილიარდებს აკეთებენ.” - აცხადებს მასკი.
მილიარდერის მიერ გაწეული დახმარების “ბოროტად გამოყენების” მოტივით მასკი OpenAI-სა და Microsoft-ისაგან $137 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს. სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, $109.4 მილიარდი თავად სტარტაპმა უნდა გადაიხადოს, დანარჩენი $25.1 მილიარდი კი Microsoft-მა. ცნობისთვის, 2015 წელს დაფუძნებულ კომპანიაში ილონ მასკმა $38 მილიონი ჩადო, თუმცა მაშინ წილი არ მოუთხოვია. მილიარდერმა წილი არც 2019 წელს მოითხოვა, როცა 4-წლიანი არაკომერციული საქმიანობის შემდეგ OpenAI-მ ნაწილობრივ კომერციული მიმართულების განვითარება დაიწყო და კომპანიებს, მათ შორის, Microsoft-ს 27%-იანი წილის შეძენის საშუალება მისცა. სტარტაპისა და ტექ-გიგანტის ადვოკატები აცხადებენ, რომ დავას მარტივად მოიგებენ, რადგან მასკის წინაშე ფინანსური ვალდებულება არცერთ მათგანს აღებული არ ჰქონია. საქმის განხილვა აპრილში დაიწყება.




























