რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მეორედ შეძლო არჩევნებში გამარჯვება, ამავე დროს რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.
მილიარდერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა. იმიგრაცია ტრამპის პირველი ვადის კამპანიის ძირითადი საკითხიც იყო და ამომრჩეველს მექსიკასთან კედლის აშენებასაც ჰპირდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მიგრაციის საკითხი წლევანდელი კამპანიის საკვანძო თემა იყო.
47-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები პირების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა, მეტიც ეს იქნებოდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია.
სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ში არალეგალურად დაახლოებით 11 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დატოვებს აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამის თქმა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მასობრივი დეპორტაციის დაპირებით მოდის. მან ამერიკას ემიგრანტებისგან “ოკუპირებული” ქვეყანაც უწოდა და თქვა, რომ თითოეული ქალაქი გადასარჩენია იქ შეჭრილი "ოკუპანტებისგან". BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ჯამში დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს მოუწია ქვეყნის დატოვება ნაწილს საზღვრიდან, ნაწილს კი ქვეყნიდან.
ზუსტი რიცხვი საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს არალეგალურად აშშ-ში უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოს მოქალაქეებიც მექსიკის საზღვარს კვეთენ აშშ-ში შესასვლელად. ამავე დროს იზრდება ფულადი გზავნილები აშშ-დან საქართველოში. 2024 წლის პირველ ცხრა თვეში აშშ-დან საქართველოში თითქმის 417 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ რუსეთი და იტალია უსწრებენ. მხოლოდ სექტემბერში აშშ-დან 105 ათასზე მეტი გზავნილი იყო, რომელთა საერთო მოცულობა 49 მლნ დოლარია.