მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო - სანტიაგოში მეტრო აღარ გაძვირდება

5dad4f262cfef
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 21:30
1778

მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და პოლიციასთან შეტაკების შემდეგ, ჩილეს პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გასცა. სებასტიან პინერას გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში, მეტროს ფასები აღარ გაიზრდება. "ჩემი მოქალაქეების ხმა გავიგე, გავეცი სწრაფი ბრძანება, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კანონპროექტის შეჩერება, რომელიც ფასების ზრდას ითვალისწინებდა", - აღნიშნა ჩილეს პირველმა პირმა.


განკარგულება სენატს უკვე გადაეგზავნა, მისი განხილვა და დამტკიცება კი, სავარაუდოდ, დღეს, ადგილობრივი დროით, საღამოს რეგულარულ სხდომაზე მოხდება.



აღსანიშნავია, რომ მეტროთი მგზავრობა სანტიაგოში 30 პესოთი უნდა გაზრდილიყო, რაც დაახლოებით, 10 თეთრია. ბილეთის ახლანდელი საფასური 800 პესოა, ფასების მომატების შემდეგ კი, მგზავრობა 830 პესო ხდებოდა. ამ სიახლემ სანტიაგოს მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ათიათასობით ადამიანი, 14 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქში მასობრივ აქციებს მართავდა, რაც ძირითადად პოლიციასთან შეტაკებით სრულდებოდა.



მოქალაქეებმა დაამტვრიეს მეტროს რამდენიმე სადგური და სავაჭრო დაწესებულებები. გარდა ამისა, ცეცხლი წაუკიდეს მატარებლებს. მწვავე დაპირისპირებებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. მთლიანობაში კი, აქციების შედეგად მიყენებული ზარალი, 200 მილიონი დოლარია. სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ჩილეში 1990 წლის შემდეგ პირველად, კომენდანტის საათი გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები