მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Mastercard-ი სტეიბლკოინების სტარტაპ BVNK-ს $1.8 მილიარდად ყიდულობს

bvnk

Mastercard-ის განცხადებით, ლონდონში დაფუძნებული სტეიბლკოინის ინფრასტრუქტურის ფირმის BVNK-ის 1.8 მილიარდ დოლარად შესყიდვაზე შეთანხმება შედგა. ეს საგადამხდელო ქსელის მხრიდან ციფრული ვალუტების ფართო მოხმარებაში დასანერგად აქამდე გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია - წერს CNBC.

გარიგება მოიცავს 300 მილიონი დოლარის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ BVNK შესრულების გარკვეულ მეტრიკებს მიაღწევს. გარიგება სავარაუდოდ მიმდინარე წელს დაიხურება, - ნათქვამია Mastercard-ის განცხადებაში.

ეს შესყიდვა Mastercard-ს, საშუალებას აძლევს, ტრადიციული საგადამხდელო ინფრასტრუქტურა განვითარებად, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სისტემებთან დააკავშიროს. ეს კომპანიას დაეხმარება, მომდევნო წლებში აქტიურად ჩაერთოს ისეთ საგადამხდელო სისტემებში, რომლებიც სტეიბლკოინებსა და ტოკენიზებულ დეპოზიტებს იყენებს, რადგან მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება.

"ჩვენ ველით, რომ დროთა განმავლობაში ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ-კომპანიების უმეტესობა ციფრული ვალუტის სერვისებს შესთავაზებს მომხმარებელს", - განაცხადა Mastercard-ის პროდუქტების მთავარმა დირექტორმა, იორნ ლამბერტმა კომპანიის პრესრელიზში.

BVNK-მ, რომელიც 2021 წელს დაარსდა და რომლის მისი შეფასებაც 750 მილიონ დოლარს აღემატებოდა, განაცხადა, რომ მისი პლატფორმა ამჟამად მხარს უჭერს ტრანზაქციებს ყველა ძირითად ბლოკჩეინ ქსელში, მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.

სტეიბლკოინების სტარტაპები მოთხოვნადი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახალ არჩევას კრიპტოვალუტებისადმი კეთილგანწყობილი რეგულაციების შემოღება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, BVNK-ის შესყიდვით Mastercard-ის გარდა Coinbase-იც იყო დაინტერესებული, თავად Mastercard-ს კი მიმდინარე წლის დასაწყისში სურდა სხვა კრიპტოკომპანიის, Zerohash-ის შეძენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები