2026 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე CNBC-ის ჟურნალისტმა, შერინ ბანმა, Mastercard-ის გლობალურ აღმასრულებელ დირექტორთან, მაიკლ მიბახთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
საუბარი შეეხო გლობალური და ამერიკული ეკონომიკის მდგრადობას, ციფრული ეკონომიკის უახლეს ტენდენციებს - მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებასა და სტაბილურ კრიპტოვალუტებს. მიბახმა ასევე მიმოიხილა სამომხმარებლო ქცევის ცვლილებები და აშშ-ის საკრედიტო პოლიტიკის გამოწვევები.
-ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც ხელი უჭირავს გლობალური ეკონომიკის ზრდის პულსზე. მაიკლ მიბახი, Mastercard-ის გლობალური აღმასრულებელი დირექტორი არის ჩვენთან, დავოსის სტუდიაში. მაიკლ, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დავოსში.
-დილა მშვიდობისა, შერინ. მადლობა მოწვევისთვის ამ ძალიან ცივ დილას დავოსში.
-დილა მართლაც ძალიან ცივია, მაგრამ როგორია საინვესტიციო კლიმატი და საინვესტიციო ტემპერატურა, მაიკლ? ისიც ცივია, თუ თბება?
-იცით, საინვესტიციო კლიმატი გაცილებით ნაკლებად ცივია. ჩვენ ვხედავთ დიდ ინვესტიციებს ციფრულ ეკონომიკაში - დაწყებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უკეთესი სერვისების შესაქმნელად, დამთავრებული ციფრული ეკონომიკის გაძლიერებით. ჩვენ ვხედავთ დიდ ინვესტიციებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ამცირებს ბარიერებს, რათა ადამიანებს უკეთესი გამოცდილება შესთავაზოს, და ეს ტენდენცია ფეხს იკიდებს. ჩვენ ციფრული ეკონომიკის სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისში ვართ. ასე რომ, ეს ძალიან ამაღელვებელია.
-ციფრული ეკონომიკის გარშემო არსებულ მღელვარებაზე სულ მალე ვისაუბრებ, მაგრამ მოდით, რეალურ ეკონომიკაზე ვისაუბროთ. დავიწყებ კითხვით იმ ტენდენციებზე, რომლებსაც კონკრეტულად აშშ-ში ხედავთ. ვიცით, რომ ტარიფებმა იქონია გავლენა - რა თქმა უნდა, არა ისეთი მძიმე, როგორიც მოსალოდნელი იყო - მაგრამ რას გეუბნებათ საცალო მომხმარებელი? რაზე მეტყველებს მონაცემები ამ ეტაპზე?
-როდესაც 2025 წელს ვიხსენებთ... Mastercard-ი უნიკალურ პოზიციაშია, ჩვენ გვაქვს უამრავი მონაცემი, ამიტომ კარგად ვგრძნობთ ზოგადი ეკონომიკისა და განსაკუთრებით მომხმარებლის პულსს. შეიძლება იფიქროთ, რომ ტარიფების, ხალხის, კომპანიებისა და ზოგადი ეკონომიკის ადაპტაციის ფონზე, გავლენა უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს საკმაოდ ძლიერი წელი იყო. გლობალური მშპ 3.2%-ით გაიზარდა და აშშ-მაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. თქვენ იკითხეთ, რატომ ხდება ეს? რატომ ეგუება ეკონომიკა?
პირველ რიგში, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ კოვიდის პერიოდიდან. მიწოდების ჯაჭვები ბევრად უფრო მდგრადია. გაიზარდა ფოკუსირება მიწოდების ჯაჭვების ლოკალიზებაზე, რამაც ამ შემთხვევაში ხელი შეგვიწყო. კერძო სექტორი ძალიან კარგად ადაპტირდება, როცა იცის, რას ელოდოს. წლის პირველ ნახევარში სიტუაცია ნაკლებად ნათელი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში კერძო სექტორმა ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
მომხმარებელიც ადაპტირდა. თუ მომხმარებელი გაურკვევლობაშია, მაგრამ ჩართულია ციფრულ ეკონომიკაში, მას აქვს უამრავი ინსტრუმენტი გასარკვევად: „რომელია ჩემთვის საუკეთესო გარიგება? არ ვიცი ზუსტად საით წავა ფასები, ამიტომ მოვიძიებ ვარიანტებს. ვნახავ, რას მთავაზობს ჩემი ლოიალობის პროგრამა. სად მივიღებ საუკეთესო პირობებს?“ შეიძლება მქონდეს ჩემი პრეფერენციები და მივიღო უკეთესი რეკლამა. ეს ყველაფერი ერთიანდება და მომხმარებელიც სიტუაციას მოერგო.
წელს მომხმარებლებმა სადღესასწაულო შოპინგი ადრე დაიწყეს. მათ თქვეს: „კარგი, მეტი დრო მჭირდება იმის გასარკვევად, რაში დავხარჯო ფული“. ისინი იყვნენ ძალიან წინდახედულები, გონიერები და მიზანმიმართულები. და ჩვენ არ ველით, რომ 2026 წელს ეს შეიცვლება. ასე რომ, პროგნოზი ძალიან პოზიტიურია - ან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად პოზიტიური. ჩვენი აზრით, ეს იქნება განგრძობადი ექსპანსიის წელი.
თქვენ ასევე ნახეთ, რომ ზოგადად მოხდა სავაჭრო ურთიერთობების დალაგება. მაგალითად, გლობალური სავაჭრო ნაკადები აზიასა და აშშ-ს შორის წლის მეორე ნახევარში ოდნავ შემცირდა, განსაკუთრებით ჩინეთთან, თუმცა ეს გარკვეულწილად დაბალანსდა. საბოლოოდ ყველაფერი დასტაბილურდა. ისეთი გრძელვადიანი ტენდენციები, როგორიცაა ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებში, ხელს უწყობს ზოგად ეკონომიკას. ასევე ვხედავთ ოჯახების ბიუჯეტის სიძლიერეს. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს მიმდინარე წლისთვის.
-ანუ პროგნოზი კვლავ პოზიტიურია. თუმცა, თქვენ ისაუბრეთ ტრანსსასაზღვრო ოპერაციების მოცულობებზე, რაც თქვენთვის მაღალმარჟიანი მიმართულებაა. არსებული გეოეკონომიკური დაპირისპირების, გეოპოლიტიკური რისკებისა და გაურკვევლობის ფონზე, რამდენად გაშფოთებთ ბიზნესის ეს მხარე?
-როდესაც ვუყურებთ ტრანსსასაზღვრო ხარჯებს... თქვენ ხედავთ ამ ხარჯებს მოგზაურობის კუთხით. 2025 წელი მოგზაურობისთვის ძლიერი იყო და არ ველით, რომ ეს შეიცვლება. შეხედეთ, როგორი ხალხმრავლობაა აქ, დავოსში! სათაურების მიუხედავად, ხალხი მაინც მოგზაურობს და ეს ფაქტია.
რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო დანახარჯებს, რომლებიც მოგზაურობას არ უკავშირდება, კოვიდის შემდეგ ელექტრონულმა კომერციამ მკვეთრი ზრდა განიცადა და მომხმარებლის ეს ქცევა მას შემდეგ უცვლელია. შესაბამისად, ეს ძალიან ძლიერი ბიზნეს-მიმართულებაა როგორც ჩვენთვის, ისე ამ ეკოსისტემის სხვა მოთამაშეებისთვის. დღეს ხალხი მსოფლიოს ციფრული ეკონომიკის კუთხით უყურებს და ფიქრობს: „მთელი მსოფლიო ჩემს ხელისგულზეa, მე ამის ყიდვა მინდა“, და, თუ სასურველი ნივთი სხვაგან არის ხელმისაწვდომი, ისინი მას უბრალოდ ყიდულობენ. ჩვენი ხედვით, ეს ტენდენცია არ შეიცვლება.
რა არის აგენტური კომერცია - რაზე მუშაობს Mastercard?
-არც ამის ცვლილებას ელით. მოდით, ვისაუბროთ გადახდის ტენდენციებზე. სტეიბლკოინები - ეს არის ის, რაზეც Mastercard-იც გადავიდა და სისტემაში ინტეგრაცია მოახდინა. რას უნდა ველოდოთ? რა ტენდენციები განსაზღვრავს 2026 წელს?
-დიახ, თუ შევხედავთ მთავარ ტენდენციებს, სტაბილური კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. კიდევ ერთი მიმართულებაა „აგენტური კომერცია“ (Agentic Commerce). და მესამე, რაც ორივეს კვეთს, არის ციფრული ეკონომიკის უსაფრთხოების ზოგადი საჭიროება. ეს არის სამი დიდი ტენდენცია, რომელიც ახლა მოქმედებს.
მოდით, თითოეულზე ცოტა დრო დავხარჯოთ. სტეიბლკოინები ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან საინტერესოა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ პროგრამირებად გადახდებს ბიზნესებსა და ადამიანებს შორის. როგორც გადახდების გიგანტი და, როგორც მე მიყვარს თქმა, ციფრული ეკონომიკის ოპერაციული სისტემა, ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს. ეს ჩაშენებულია ჩვენს ქსელში. ჩვენი ქსელი მზადაა ანგარიშსწორებისთვის სტაბილურ კრიპტოვალუტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, განვიხილოთ ეს ტრანსსასაზღვრო გადახების კონტექსტში. დღეს ეს გადახდები ხშირად წინასწარ დაფინანსებას მოითხოვს. სტაბილური კრიპტოვალუტით კი ანგარიშსწორება მყისიერია. წინასწარი დაფინანსება აღარ არის საჭირო. კაპიტალის კუთხით ეს ბევრად უფრო ეფექტურია. მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ეს, სავარაუდოდ, ცოტა უფრო იაფიც იქნება, რადგან ფული უფრო სწრაფად მიდის. ასე რომ, ბევრი უპირატესობაა ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში. ამ მხრივ, ციფრული აქტივები ძალიან გვაინტერესებს.
რაც შეეხება „აგენტური ხელოვნური ინტელექტის“ (Agentic AI) სამყაროს. გადახდების სამყაროში ეს გამოიხატება, მაგალითად, მომხმარებლის გამოცდილებაში. თუ გადაწყვეტთ, შეხვიდეთ თქვენს საყვარელ ჩატბოტში და სთხოვოთ: „ვაპირებ ამ მოგზაურობას და მჭირდება შემდეგი ნივთები“, ის მოგცემთ 10 ნივთის სიას, რომელიც გჭირდებათ - ვთქვათ, ლაშქრობისთვის. დღეს თქვენ შეიძლება შეხვიდეთ საძიებო სისტემაში და შემდეგ სხვადასხვა ვებგვერდზე გადახვიდეთ რეკომენდებული ნივთების საყიდლად. „აგენტური კომერციის“ სამყაროში კი შეძლებთ პირდაპირ ჩატბოტში გადაიხადოთ და შეიძინოთ.
და როგორ კეთდება ეს გადახდების სამყაროში? ჩატბოტი უნდა იყოს რეგისტრირებული.: არის თუ არა ეს ნამდვილი ჩატბოტი? გადამოწმებულია? რა ხდება, თუ რამე არასწორად წავა? ყველა ის საკითხი, რაც დღეს Mastercard-ით გადახდისას გარანტირებულად გაქვთ... ჩვენ ჩავაშენეთ „აგენტური კომერციის“ გამოცდილებაში. და ეს მიმართულება აუცილებლად გაიზრდება, რადგან მომხმარებლებს მოსწონთ ასეთი გამოცდილება.
-რამდენად მასშტაბურია დღეს თქვენთვის „აგენტური კომერცია“?
-ჯერ ნამდვილად ადრეულ ეტაპზეა. ვფიქრობ, სამომხმარებლო გადახდების სივრცეში ეს უფრო მალე აკრეფს ტემპს, რადგან მომხმარებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უყვართ ასეთი სიახლეების გამოცდა. ეს კარგი გამოცდილება იქნება. მაგრამ წარმოიდგინეთ კომპანიებს შორის სავაჭრო ნაკადები, მაგალითად, შესყიდვები, როდესაც კომპანიამ რაღაც უნდა იყიდოს თავისი მომწოდებლისგან. მომავალში ამას აგენტები ავტონომიურად გააკეთებენ. და გადახდაც ჩართული იქნება. ანუ, კომპანიისთვის რაღაც რესურსია საყიდელი. ეს ყველაფერი ხდება მაღალავტომატიზებული, „აგენტური კომერციის“ მეშვეობით, სადაც გადახდის ეკოსისტემა და კორპორაციული ეკოსისტემა ერთმანეთს ერწყმის. ვფიქრობ, მომხმარებლები ოდნავ წინ არიან, მაგრამ ბიზნესიც მიჰყვება და ვნახავთ ძალიან მნიშვნელოვან ზრდას.
რაში დებს Mastercard-ი ინვესტიციას 2026 წელს?
-რა სახის ინვესტიციებზეა საუბარი? თქვენ, რა თქმა უნდა, დებდით ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში, ასევე კიბერუსაფრთხოებაში - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამაზე დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
-მგონი, ეს რიცხვი მაშინ იყო, როცა ბოლოს ვისაუბრეთ. ახლა გაცილებით მეტია.
-წარმომიდგენია. რას უნდა ველოდოთ სამომავლო ინვესტიციების კუთხით?
-დიახ, ჩვენ ინვესტიციებს განვითარებად ტექნოლოგიებში ვდებთ, ეს აუცილებელია, რათა ჩვენს მომხმარებლებს არჩევანი შევთავაზოთ. თუ „აგენტური კომერცია“ ან სტაბილური კრიპტოვალუტები უახლესი ტენდენციაა, ჩვენ ის უნდა გვქონდეს, ამიტომ ვდებთ ინვესტიციებს. მაგრამ, ზოგადად, ინვესტიცია კიბერუსაფრთხოებაში მართლაც აუცილებელია. და ეს ის თემაა, რომელზეც საკმარისად არ საუბრობენ. ციფრული ეკონომიკის მუდმივი ზრდისა და ჩვენი ცხოვრების გაციფრულების ფონზე, ამ ეკონომიკის უსაფრთხოების შენარჩუნება მნიშვნელოვანია.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ კეთილ მიზნებს ემსახურება, არამედ თაღლითებსა და ჰაკერებსაც ეხმარება. ამიტომ ჩვენც უნდა შევიარაღდეთ. ეს ერთგვარი შეიარაღების რბოლაა. ინდუსტრია, მთლიანობაში, კარგად მუშაობს და ჩვენ ლიდერის პოზიცია გვიჭირავს ინვესტირებისა და იმის უზრუნველყოფის კუთხით, რომ 160 მილიარდი ტრანზაქცია, რომელიც ყოველწლიურად ჩვენს ქსელში გადის, იყოს უსაფრთხო.
რა შედეგი მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს?
-რაც შეეხება პოტენციურ რისკებსა და გამოწვევებს... პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება საკრედიტო ბარათებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვართან დაკავშირებით. ვიცი, რომ განაკვეთებს თქვენ არ ადგენთ, ამას ბანკები აკეთებენ, მაგრამ რა გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ნაბიჯს - რომლის მიზანიც, სინამდვილეში, მომხმარებლისთვის ტვირთის შემსუბუქებაა?
-დიახ, ეს მნიშვნელოვანი საუბარია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის შესახებ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. პრეზიდენტმა მოითხოვა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესება. ინდუსტრია, განსაკუთრებით ბანკები, ჩაერთნენ ამ განხილვაში და ხაზი გაუსვეს ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია გავიაზროთ შედეგები კრედიტის ხელმისაწვდომობაზე. როგორც თქვით, ჩვენ არ ვაწესებთ განაკვეთებს, მაგრამ გვჯერა კერძო სექტორის ძალის, რომ იპოვოს სწორი ბალანსი, რათა კრედიტი ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც ის მართლა საჭიროა. წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ „ხიდი“ ხელფასსა და გაფუჭებულ სარეცხ მანქანას შორის. როგორ იზამთ ამას? თუ კრედიტი მოკლე დროში არ იქნება ხელმისაწვდომი, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. ეს ყველაფერი გასააზრებელია. ვფიქრობ, ეს საუბარი ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ პროცესი აქტიურია და ვნახოთ, საით წავა.




























