ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა Mastercard-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $9.3 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია და Wall Street-ის მოლოდინებს აღემატება. ამასთან, კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე $5.04 შეადგინა, მაშინ როდესაც LSEG-ის ანალიტიკოსები $4.77-ს პროგნოზირებდნენ.
როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების ზრდა მომხმარებელთა მხრიდან სტაბილურმა დანახარჯებმა და ტრანზაქციების მაღალმა მოცულობამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში Mastercard-ის პლატფორმაზე დამუშავებული ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა დოლარში 8%-ით გაიზარდა და $2.9 ტრილიონს მიაღწია. არსებული მონაცემებით, სამომხმარებლო აქტივობას ხელი შრომის ბაზარზე არსებულმა სიმტკიცემ და ხელფასების მატებამ შეუწყო. ამასთან, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტით გამოწვეულმა ნავთობის ფასების ზრდამ და ინფლაციამ ტრანზაქციების საშუალო ღირებულება გაზარდა.
როგორც Mastercard-ში ახსნეს, დანახარჯების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფენ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომლებიც არასავალდებულო შესყიდვებს აგრძელებენ. სამაგიეროდ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები საკუთარ ბიუჯეტს ამცირებენ, თუმცა ეს კომპანიის შემოსავლებზე ჯერჯერობით არ აისახება.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პრემარკეტზე Mastercard-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა.
ცნობისთვის, Mastercard-ი გლობალური გადახდების ინდუსტრიაში სიდიდით მეორე ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ტრანზაქციის დამუშავებას უზრუნველყოფს.




























