აჭარის მთავრობის სხდომაზე მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა 300 ათასი ლარი. გაგრძელდება ახალი პროგრამების დანერგვა, ინიციატივების, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას.
ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწავლებლების მსგავსად, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტებში მონაწილეობა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500-ლარიანი დანამატით.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გარდა ამისა, აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცის 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.