მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლების შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდა გაგრძელდება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
13.09.24 20:57
702

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმებით ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს, ყველას, ვინც თქვენი ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ. ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების საუკეთესო ინტერესებშია, განსაკუთრებით დავაფასოთ თქვენი ამაგი, ვიზრუნოთ იმაზე, რომ მასწავლებლის პროფესიამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი კუთვნილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ვალია, მუდმივ რეჟიმში ვიზრუნოთ თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. მე პირადად, 18 წელია, უწყვეტ რეჟიმში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და განსაკუთრებულად სოლიდარული ვარ თითოეული თქვენგანის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება იმ საქმეებზე, რაც გაკეთდება განათლების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობის მინისტრს, რომლის ინიციატივითაც შარშან, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის დაწესდა ეს დღე, მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა მასწავლებლებისთვის მაღალი პრემია.

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, საბავშვო მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, რასაც დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დღეს შევიკრიბეთ და მოხარული ვარ, რომ ვარ თქვენთან ერთად, იმისათვის, რომ აღვნიშნო ეს მნიშვნელოვანი დღე და ეროვნული პრემიები გადავცეთ გამორჩეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს. პრემიის თითოეულ ლაურეატს გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, გილოცავთ ამ განსაკუთრებულ აღიარებას და მომავალშიც მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგან. უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები