მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლის ანაზღაურება სტატუსის მიხედვით აღარ გაიზრდება - სამინისტრო პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებაზე მუშაობს

ამილახვარი

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, დღეს ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ცვლილებას საჭიროებს.

“სკოლის ავტონომიის პირობებში, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კვლევით ცენტრს ამ მიმართულების სიღრმისეული ანალიზი დავავალეთ და მეც, [ჩემი მინისტრობის] განმავლობაში, ათი ათასობით მასწავლებელს პირადად შევხვდი, მათი უკუკავშირი მივიღე. შესაბამისად, მივიღეთ დასკვნაც და ანალიზიც, რომ აღნიშნული სქემა განვითარებას საჭიროებს”, - ამბობს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, მასწავლებელთა უმრავლესობა სტატუსის ამაღლების პროცესში მხოლოდ ანაზღაურების ზრდის მოტივაციით ერთვება, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელფასო პოლიტიკა პროფესიული განვითარების სქემას გამოეყოს.

“კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სქემასა და სტატუსების მოპოვების პროცესში იმიტომ ერთვება, რომ მას სახელფასო დანამატი უნდა. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავყოთ ეს ორი პროცესი. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, თითოეულ პედაგოგს ღირსეულ ანაზღაურებას განუსაზღვრავს და პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე”, - ამბობს გიორგი ამილახვარი.

მინისტრის განმარტებით, პროფესიული განვითარების სქემა არ გაუქმდება და მხოლოდ შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები