თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძეს პატიმრობის სახით 4 წელი და 6 თვე შეუფარდა.
დევიძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო და სასამართლო დარბაზი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
"თქვენს სანახავად მოვდიოდი აქამდე სასამართლოში. დიდხანს ალბათ ვეღარ გნახავთ... მივდივარ სინათლის საძიებლად, უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო მათე დევიძის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21 წლის დევიძეს პროკურატურა სამი პოლიციელის, ლევან კოდელაშვილის, გიორგი ესტატეშვილის და ბიძინა ჟამერაშვილისთვის ჯოხის დარტყმას ედავებოდნენ.
საქმეზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება:
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამ თანამშრომელს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა".