მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი მოწმეებთან „ვაჭრობაზე“ საუბრობს

ლილუაშვილი

საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

სხდომათა დარბაზში გამოცხადდნენ თავად ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ადვოკატები, თუმცა ბრალდების მხარე პროცესს არ დასწრებია.

სუსის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან პროცესის გაჭიანურება შემთხვევითი არ არის. მისი ვარაუდით, სახელმწიფო ბრალდება ცდილობს მოწმეებთან მოლაპარაკებების წარმოებას სასურველი ჩვენებების მისაღებად. კომენტარს tv პირველი ავრცელებს.

„12 რიცხვისთვის გაწერილი იყო სასამართლოს გრაფიკით, რომ ბრალდების მხარეს თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა უნდა მოეხდინა, თუმცა პროცესამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოდგენილიყო პროცესზე მბრალდებელი. შესაბამისად, დღევანდელი პროცესი გადაიდო.

ჩვენ მანამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გარკვეული სახის ბენეფიტების მიღებისათვის მათ შორის ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება ან დევნის არდაწყება გარკვეულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს გაჭიანურება სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდეს“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ელოდება იმ პირების გამოკითხვას, რომლებიც ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში არიან დასახელებულნი, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში ბრალი წარედგინა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს. პროკურატურის ვერსიით, გვანცელაძე ე.წ. ატკატების აღების სქემას ხელმძღვანელობდა, სადაც სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი, ხოლო ლილუაშვილი მას დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ მფარველობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები