ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ის "ფეისბუქზე" დაწერილი პოსტებისა და ვიდეოს გამო 19 ოქტომბერს დააპატიმრეს.
მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
"ძალიან მეუხერხულება საუბარი, რომ ერთი თვე ვიყავი საპატიმროში, 14 დღე თუ ასე შემდეგ... ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, "სინდისის პატიმრები", ყველა მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. აუცილებლად მივიყვანთ. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვისაუბრებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი და ის სიტყვები შეაქვს, რაც არ უნდა, რომ გაიგოს. ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება. მათი გზავნილია: "ყველას დაგიჭერთ", "ყველას ჯარიმებს დაგიწერთ". ჰქონდეთ ეს გზავნილი. ჩვენი გზავნილია: არ გვეშინია, არ გვეშინია არანაირი მეთოდის. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები, ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები", - აღნიშნა ვახო სანაიამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, ვახო სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ვახო სანაია მიმდინარე წლის ივლისში ასევე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მაშინ ჟურნალისტს პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეუფარდეს.























