მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მათიკაშვილი თვლის, რომ საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა, ემიგრანტებისთვის „მცირე ინსპირაცია" იქნება დაბრუნებისთვის

მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმაურება კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის წესს შეცვლის და მათ საქართველოში ჩამოსვლას დაავალდებულებს.

მათიკაშვილმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე გერმანელი კონსტიტუციონალისტების შეხედულებები.

დეპუტატის განცხადებით, საკუთარ სამშობლოსთან არსებული საკომუნიკაციო ხაზები არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის საკმარის საფუძველს არ ქმნის იმისათვის, რომ მათ „ბოლომდე შეიგნონ და შეიცნონ ადამიანმა ის პოლიტიკური მდგენელი, რაც მის სამშობლოშია“.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე მეცნიერთა შეხედულებები, გამორჩეულად გერმანელ კონსტიტუციონალისტებზე შეგვიძლია ვისაუბროთ პირველი: საკუთარ სამშობლოსთან არსებული საკომუნიკაციო ხაზების არსებობა, მაშინ როდესაც ადამიანი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოადგენს ემიგრანტს და არის არარეზიდენტი მოქალაქე - ეს საკომუნიკაციო ხაზები ვერ და არ იძლევა იმის საშუალებას რომ ბოლომდე შეიგნოს და შეიცნოს ადამიანმა ის პოლიტიკური მდგენელი, რაც მის სამშობლოშია. აქ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად საქართველოში პოლარიზებული მედია გარემო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტად ძნელად ხდის იმის შესაძლებლობას რომ ალტერნატიული აზრი წესიერად იყოს მიწოდებული, რაც პოლიტიკური გემოვნების და გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისთვის უმთავრესია", - განაცხადა მან.

დავით მათიკაშვილის თქმით, ქვეყანა „ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპით“ დგას იმ გზაზე, რომ „შეიქმნას საქართველოში გარემო ჩვენი უძვირფასესი ემიგრაციის დაბრუნებისთვის“.

ის მიიჩნევს, რომ 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოსვლის ვალდებულება შეიძლება დადებითად აისახოს ზოგად მდგენელზე.

"ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპით იმ გზაზე დგას, ეკონომიკის მდგრადი, სწრაფი განვითარების იმ სურვილებით, შესაბამისი სამუშაო ადგილებით, რომლებიც უპრეცედენტო ინვესტიციების განხორციელების შემდეგ შეიქმნება, ცხოვრების დონის ამაღლებით, რომ შეიქმნას საქართველოში გარემო ჩვენი უძვირფასესი ემიგრაციის დაბრუნებისთვის და სწორედ ამ გზას ვადგავართ ჩვენ. ის მცირე ინსპირაცია, რომელსაც 4 წელიწადში ერთხელ გააჩენს კანონის ცვლილება საკუთარ სამშობლოსთან უწყვეტად კავშირისა 4 წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოსვლით და აქ - საკუთარ სამშობლოში დაბრუნებითა და პოლიტიკური მდგენელის გააზრებით გამოიხატება, შესაძლებელია ამან ზოგად მდგენელზე პოზიტიურადაც იმოქმედოს. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ მოგზაურობა და იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც ესა თუ ის მოქალაქე იმყოფება, გამოწვევაა, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ გამორჩეულად გადამწყვეტი როლიდან გამომდინარე, რაც არჩევნების ჩატარების დღეს აქვს თითოეულ ქართველს, ეს როლი და გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევისა და მომზადების აუცილებლობისა რომ 4 წელიწადში ერთხელ იმოგზაურონ საქართველოში ეს გადაწყვეტილება სავსებით მართებულად იყო მიღებული", - განაცხადა მათიკაშვილმა.

17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან, აიკრძალება აუდიომონიტორინგი კენჭისყრის შენობასა და კომისიის სხდომებზე, საარჩევნო კანდიდატების სიაში ყოფნის უფლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრებს ექნებათ, კომისიის წევრობა აეკრძალება ნასამართლევ პირს, მათ შორის იმასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები