ევროპიდან საბავშვო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, Wishlist-ი მიმდინარე წელს სათამაშოების ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე BMG-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" აღნიშნავს, სტაგნაციური ზამთრის თვეების მიუხედავად, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობაში.
"საკმაოდ რთული თვეები იყო, დეკემბერი განსაკუთრებით, ორი კვირა ყველაფრის სრულიად გაჩერება მოგვიწია, ურთულესი თვე იყო. იანვარი და თებერვალი, ყველამ იცის, რომ შედარებით უკუსვლის პერიოდია, თუმცა თებერვალში ძალიან ბევრი კამპანია გავაკეთეთ და, რა თქმა უნდა, მიუხედავად სტაგნაციის პერიოდისა, გადავწყვიტეთ, გვქონოდა გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
გაფართოება გვსურს სათამაშოების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს სეგმენტი არის ძალიან აუთვისებელი საქართველოში. როდესაც გავდივართ ევროპის ქვეყნებში, ვხედავთ, რამდენად უფრო დიდია ასორტიმენტი და ის სეგმენტები, რომლებზეც სათამაშოებია გათვლილი, მათ შორის ეს არის ხის სათამაშოების მიმართულება, განმავითარებელი სათამაშოების, მონტესორის მიმართულება… რამდენიმე ახალი ბრენდი დავიმატეთ გერმანიაში, ნიურბერგის გამოფენაზე და ამ ბრენდებს წარმოვადგენთ ზაფხულიდან, უკვე მიმდინარეობს შეკვეთების განხორციელება", - აღნიშნა სალომე ქუთათელაძემ.
Wishlist-ის დამფუძნებლის თქმით, მიმდინარე წელს კომპანია სამ ახალ ბრენდს დაიმატებს ექსკლუზიური შეთანხმებით, რომელთა შორისაც ხვდება Tooky Toys. ჯამურად Wishlist-ი 30-მდე ბრენდს უყრის თავს.
ამასთან, გასული წლის დეკემბერში კომპანიამ პარტნიორობა Lego-სთან გააფორმა. დამფუძნებლის თქმით, Wishlist-თან თანამშრომლობით Barbie-ის მფლობელი კომპანია Mattel-ია დაინტერესებული.
"პირველ ეტაპზე ძალიან რთული იყო პარტნიორების მოზიდვა, სანამ ამხელა ბაზა გვექნებოდა მაღაზიების თუ მომხმარებლების… Lego-სთან ჩვენ წლებს განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები და 2024 წლის დეკემბერში საბოლოოდ დავიწყეთ ოფიციალური პარტნიორობა. მანამდე თვეები ხდებოდა კომპანიის ძალიან დეტალური შეფასება, მისი ფინანსების, მომხმარებლების, სოციალური ქსელის და მივიღეთ დასტური.
ასევე, ერთ-ერთ გლობალურ ბრენდს, როგორიცაა Mattel, აქეთ სურს ჩვენთან თანამშრომლობა, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან, ოფიციალური პარტნიორობის გარეშეც, ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს "ბარბის" მიმართულებით, და საქართველოში ვიზიტისას იმდენად მოეწონათ, რომ გამოთქვეს ინიციატივა, ოფიციალურად წარმომადგენლები გავმხდარიყავით. ვნახოთ, შესაძლოა, ეს პროცესიც წლის განმავლობაში დასრულდეს", - ამბობს სალომე ქუთათელაძე.
Wishlist.ge ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ვებგვერდზე 50 000-ზე მეტი დასახელების საბავშვო პროდუქტს აერთიანებს. კომპანია საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, 10 ფილიალითაა წარმოდგენილი.




























