"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "მაუწყებლის შესახებ" წარდგენილი ორივე კანონი ერთხმად, კითხვების გარეშე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ამ ცვლილებას პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
"ოცნებამ", 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მეორე კანონპროექტის თანახმად, ტელე და რადიომაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
გამონაკლისს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. ამასთანავე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლების მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი იქნება.




























