მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MBC: მოლოდინია, რომ მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება ექნებათ

ემბისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანეს, კანონმდებლობაში ცვლილებებს ელიან.

როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მოლოდინი აქვთ, რომ გასული წლის ბოლოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დაყენებული საკითხების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა, გია პეტრიაშვილმა BMG-ის განუცხადა, მათ შორისაა საკითხი, რომ მიკრობანკებს მიღმა ეროვნული ვალუტისა, სესხების გაცემის უფლება უცხოურ ვალუტაშიც ჰქონდეთ. გარდა ამისა, დარგის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიკრობანკებისთვის რიგი რეგულაციები უნდა გამარტივდეს, მათ შორის უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომელიც საკრედიტო პორტფელში ბიზნეს სესხების მოცულობას ეხება.

„ჩვენი მოზიდული სახსრების ნახევარი უცხოურ ვალუტაშია, ხოლო აქტივების ფაქტობრივად 99% ეროვნულ ვალუტაში, რაც სავალუტო რისკებს იწვევს. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ ამ მიმართულებით დაბალანსების შესაძლებლობა გვქონდეს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართულ

შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზე, რომ მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლებაც ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ამ მიმართულებით კანონში არსებული ჩანაწერი შეიცვლება და მიკრობანკები და ბანკები ერთნაირ პირობებში იქნებიან. ასევე ეროვნულ ბანკთან განვიხილეთ საკითხი, რომელიც საკრედიტო პორტფელში ბიზნეს სესხების მოცულობას ეხება. კანონის მიხედვით, ლიცენზიის მოთხოვნის პროცესში საფინანსო ორგანიზაციას პორტფელში მინიმუმ 50% ბიზნეს სესხები უნდა ჰქონდეს, ორი წლის განმავლობაში ეს ეს მაჩვენებელი 70%-მდე უნდა გაიზარდოს. საუბარია, რომ 70%-იანი ნიშნული გაუქმდეს და მხოლოდ 50%-იანი მოთხოვნა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ამჟამად არსებული მოთხოვნა მიკრობანკებისთვის უსაფუძვლოდ ზღუდავს სამომხმარებლო დაკრედიტებას,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი გასული წლის ბოლოს ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „კრისტალმა" და MBC-მ წარადგინეს. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს უფლება ექნებათ, მომხმარებელს ანგარიში და ანაბარი გაუხსნან, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხებიც გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები