McDonald’s-მა აშშ-ში კომბო მენიუს ფასების შემცირება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც კომპანიამ საჯაროდ აღიარა, რომ მენიუ ზედმეტად ძვირი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ახალი შეთანხმებით, რვა პოპულარული კომბო 15%-ით იაფი იქნება, ვიდრე პროდუქტების ცალ-ცალკე შეძენისას. ფასდაკლება კი ძალაში მომავალ თვეში შევა.
როგორც წყაროები იუწყებიან, კომპანიამ აშშ-ში ფრენჩაიზებს ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა, თუ ისინი ფასების შემცირებას დათანხმდებიან.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს სპეციალური შეთავაზებების დანერგვას 5 და 8 დოლარად, რომლებიც პოპულარულ კერძებსა და სასმელებს მოიცავს.
კომპანია ცდილობს დაიბრუნოს სწრაფი და ხელმისაწვდომი კვების ქსელის რეპუტაცია, რომელიც პანდემიის შემდგომმა ინფლაციამ შეარყია. 2023 წელს ვირუსულად გავრცელებულმა $18-იანმა Big Mac კომბომ კრიტიკა გამოიწვია, თუმცა McDonald’s ამტკიცებს, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო.
ბოლო პერიოდში კომპანიამ განაახლა პროდუქტები და თემატური შეთავაზებებით, მათ შორის Minecraft Movie-სთან კოლაბორაციით, გაყიდვების ვარდნა შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ პირველად ეს ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გაავრცელა. თუმცა, McDonald’s-მა კომენტარზე უარი განაცხადა.




























