მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი ყაზახეთის ბაზრიდან გადის - მიზეზი

63bbc81e7012a
გიორგი არონია
09.01.23 12:02
7780
უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებების გამო, McDonald's-ი ყაზახეთის ოცმილიონიანი ბაზრიდან გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბაზრიდან გასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომპანია ხორცის მომწოდებლის ჩანაცვლებას ვერ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ მიწოდების ჯაჭვის გაუმართაობის მიზეზით, McDonald's-ის ოცდაოთხმა ყაზახურმა რესტორანმა მუშაობა ჯერ კიდევ ნოემბერში შეწყვიტა.

გასული წლის ნოემბრამდე, ყაზახურ McDonald's-ს ხორცით რუსული კომპანიები ამარაგებდნენ, მაგრამ McDonald's-ის მიერ რუსეთის დატოვებასთან ერთად, ამერიკული ბრენდის ფრენჩაიზის მფლობელ კომპანიებს რუსულ მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალათ. აკრძალვის ფონზე, ყაზახურ McDonald's-ს ადგილობრივ და ევროპელ მომწოდებლებზე გადაწყობა დასჭირდა, მაგრამ გაზრდილი ფასების გამო, ბიზნესი კომერციულად არამოგებიანი გახდა.

ამერიკული McDonald's-ის ყაზახურ ოპერაციებს ფრენჩაიზის მფლობელი ყაზახი ბიზნესმენის, კაირატ ბორანბაიევის საკითხიც ართულებს, რომელიც მარტში სახელმწიფო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. ბორანბაიევს, რომელიც ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ნათესავია, სახელმწიფოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მასობრივი პროტესტის ფონზე დაეძაბა.

ცნობისთვის, ყაზახურ ბაზარზე McDonald's-ი სწორედ ბორანბაიევმა შეიყვანა, ჯერ კიდევ 2016 წელს. ამასთანავე, სწორედ ის ფლობდა ამერიკული კომპანიის ფრენჩაიზს ბელარუსში, მაგრამ შარშან, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო, ქვეყანაში ოპერირების ლიცენზია დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები