McDonald’s საქართველოს მენეჯმენტი მსოფლიოში საუკეთესო ჯგუფად ითვლება - ამ აღიარების შესახებ გლობალური ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BMG-ისთან ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში McDonald’s საქართველოს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მასზე არ უმოქმედია, რადგან ქვეყანაში McDonald’s იმავე საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება, რასაც გლობალური ბრენდი.
„თეგა კაპანაძე თავისი McDonald’s-ის ჯგუფით, მსოფლიოში საუკეთესო ჯგუფად ითვლება. საქართველოში ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი და რეგიონის 45 ქვეყანში McDonald’s-ების ქსელის მმართველია. საქართველო ახლა გადავიდა დუბაის ზონაში და ეს პიროვნება ჩვენთან იყო ჩამოსული, ვერ წარმოიდგენთ რას საუბრობდა მაკდონალდს საქართველოს გუნდზე, ფაქტობრივად მთელი გუნდის პრეზენტაცია იყო... და რა მიაკერეს მაკდონალდს? რომ LGBT-ს პროპაგანდისტია მაკდონალდსი. საბოდიშო არაფერი მაქვს. ელტონ ჯონის - ამხელა ბუმბერაზი ადამიანის გამო მოვიხადო ბოდიში? აი, რას ნიშნავს გაუნათლებლობა - ეს ბროშურა რამდენიმე ფურცლისგან შედგებოდა, სადაც ელტონ ჯონის სასოწარკვეთილი ბავშვობაა აღწერილი.
იმას კი არ გაუწიეს თანაგრძნობა, რომ ბავშვი ასეთი დაჩაგრული იყო, რომ მუსიკას ისე წერდა, რომ უცებ მისი გენიალურობა აღმოაჩინეს. რეჯი რომ ერქვა არავინ იცოდა, ცნობილმა მელომანებმა და მისმა მიმდევრებმაც კი არ იცოდნენ... ამ დროს ეს გლობალური მარკეტინგული პროგრამა იყო, რომელიც გლობალურ მარკეტინგს ჰქონდა დაგეგმილი და ჩინეთში დაიბეჭდა ეს წიგნები... ამ სერიაში იყო აინშტაინზე, მუჰამედ ალიზე... 3 000 წიგნი დავარიგეთ. არავის უთქვამს რა კარგ პროგრამას აკეთებენ, რომ მსოფლიოს აინშტაინის ბავშვობა გააცნესო. აღმოჩნდა, რომ ამ პატარა ბროშურაში ერთ ფრაზას შეუძლია აგიტაცია გაუწიოს ადამიანის ცხოვრების მომავალს. ესეც არ მწყენია, იმიტომ ვთქვი, რომ ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი. რაღაც მომენტში მთავრობა შეიცვლება და ისტორიაში ესენი არ დარჩებიან. ადამიანმა თავისი ისტორია თავად უნდა შექმნას“, - განმარტა ჭყონიამ.