McDonald's 2026 წელს უკრაინაში 11 რესტორნის გახსნას აპირებს - ამის შესახებ ადგილობრივ მედიას უკრაინაში McDonalds-ის განვითარების დირექტორმა, ვიტალი სტეფურაკმა განუცხადა.
"მომავალ წელს მინიმუმ 11 რესტორნის გახსნას ვგეგმავთ. 2027-28 წლებში კი ვგეგმავთ ქსელის განვითარების დაჩქარებას, წელიწადში 15 ახალ დაწესებულებამდე. ვხედავთ განვითარების პერსპექტივებს უკრაინაში, ამიტომ ვმუშაობთ ინვესტიციების თანდათანობით გაზრდაზე", - განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას.
სტეფურაკის თქმით, 2025 წლისთვის ცხრა რესტორნის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა დაკორექტირდა. მისი თქმით, 2025 წელს ქსელი 11 ახალი დაწესებულებით გაფართოვდება, წლის ბოლომდე კი სამი ახალი და ერთი განახლებული რესტორანი გაიხსნება. გასულ წელს ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებაში 1.8 მილიარდი გრივნა ჩაიდო, წელს კი დაახლოებით 2 მილიარდი.
უკრაინაში McDonalds-ის პირველი რესტორანი 1997 წლის 24 მაისს, კიევში გაიხსნა. ამჟამად უკრაინაში 117 რესტორანი ფუნქციონირებს, ხოლო 15 რესტორანი უსაფრთხოების მოთხოვნების გამო დაკეტილია.
YouControl-ის მონაცემებით, უკრაინაში McDonald's-მა 2025 წლის პირველ ნახევარში 9.9 მილიარდი გრივნის შემოსავალი მიიღო, რაც 26.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წმინდა მოგება 845.314 მილიონ გრივნამდე შემცირდა, 2024 წლის პირველ ნახევარში კი ეს მაჩვენებელი 874.762 მილიონ გრივნას შეადგენდა.




























